27 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
"არ განიხილება როგორც კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა" - თბილისში სამ მოქალაქეს აკვირდებიან

ვირუსის გამო, თბილისში სამ მოქალაქეს აკვირდებიან. ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მეხუთე დღეა, ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 2 მოქალაქე წევს. პარალელურად ცნობილი ხდება რომ კლინიკაში კიდევ ერთი მოქალაქე მოათავსეს, რომელიც ასევე ჩინეთიდან ჩამოვიდა.

25 წლის ქალი ჟენევიდან სტამბულის გავლით თბილისში დღეს ჩამოვიდა. როგორც თავად აცხადებს, ის ქალაქ ჩენდუში იმყოფებოდა, რომელიც ვირუსის ეპიცენტრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით არის დაშორებული.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის შემდეგაც ის სპეციალისტებმა ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მისი მდგომაროება სტაბილურია, ის კლინიკაში რჩება, თუმცა კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნება. 

"პაციენტი აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პირიქით, ტემპერატურა 37.5, რომელიც დაფიქსირდა აეროპორტში, დღეს ჩვენთან უკვე ნორმალურია. მას რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ უვლინდება, არც კლინიკური ლაბორატორიული კვლევით და არც ობიექტური სტატუსის მიხედვით. ამ ეტაპზე, ეს ქალბატონი გააგრძელებს დაკვირვებას ჩვენს ცენტრში. ეს გოგონა არც ახლა და არც მომავალში, არ განიხილება როგორც ახალ კორონავირუსზე შესაძლო შემთხვევა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, რომლებიც მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, ექიმები ამბობენ, რომ სამშაბათს გახდება ცნობილი პასუხის შედეგი, რომელიც ჰოლანდიაშია გადაგზავნილი, არის თუ არა კორონავირუსის შემთხვევები. თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის შემთხვევები არ დადასტურდება.  

ავტორი: დავით ცაგარელი 

 

დღის ამბები