28 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
კორონავირუსით ჩინეთის საზღვრებს გარეთ პირველი ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ფილიპინებზე 44 წლის ჩინეთის მოქალაქე იმსხვერპლა.

როგორც გაირკვა, ის მანამდე ქალაქ უხანში იმყოფებოდა და სიმპტომები ფილიპინებზე ჩასვლის შემდეგ გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდგინდა, ასევე, გარდაცვლილის მეუღლესაც.

ოფიციალური მონაცემებით, ეპიდაფეთქების შედეგად 304 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ინფიცირების 2600 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა - ჯამში კორონავირუსს 15 ათასამდე ადამიანი ებრძვის.

მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ხუბეის პროვინციიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავით ჩინეთის ქალაქ უხანიდან როგორც თავისი 32 მოქალაქე, ისე ქართველები, აზერბაიჯანელები და ალბანელები გამოიყვანა.

თურქეთის მსგავსად ეპიდემიის ცენტრიდან მოქალაქეები გაჰყავთ ევროპის ქვეყნებსაც. ჩინეთიდან ერთ-ერთი ბოლო გერმანული თვითმფრინავი აფრინდა. გერმანიის ევაკუირებულ მოქალაქეებს სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ, სადაც 2 კვირა კარანტინში მოათავსებენ.

გერმანელების ევაკუაციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. თვითმფრინავს მოსკოვში საწვავის შესავსებად დაჯდომის უფლება არ მისცეს.

საგანგებო ზომებს იღებს რუსეთიც. ვლადიმერ პუტინმა ჩინეთიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუირების განკარგულება გასცა.

უხანიდან გავრცელებული ახალ ვირუსი დაუდგინდა ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთ მოქალაქეს. ჯამში სულ 8 ამერიკელია ინფიცირებული. ამის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უფრო მეტიც, შტატებმა ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდნენ. ანალოგიური ზომები მიიღეს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც.

ჩინეთში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამითაა გამოწვეული. ვირუსმა უკვე 25 ქვეყანაში შეაღწია.

დღის ამბები