07 მაისი 2024,   19:47
ვრცლად
ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში - პარლამენტში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი მოხვდება

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი" დააგროვა. ეგზიტპოლების შედეგებს ამერიკული კომპანია Arthur J. Finkelstein & Associates-ი (ართურ ჯეი ფინქეშტეინი) აქვეყნებს. ამ მონაცემების მიხედვით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია 125 მანდატიდან 69-ს მიიღებს, 41 ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გადანაწილდება. ალტერნატიული სამოქალაქო მოძრაობის წევრი, ერქინ გადირლი კი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელიც პარლამენტში მოხვდება.

"ეგზიტპოლებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს შორის სხვაობა მაქსიმუმ 2-3% -ია, ამიტომ ამ მონაცემების დიდ ცვლილებებს არ ველით. მით უმეტეს, რომ ხმების 87% უკვე დათვლილია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მონაცემები შენარჩუნდება," - აცხადებს ცესკოს წარმომადგენელი ფუად ჯავადოვი.

სანამ ცესკოს საბოლოო ოფიციალური მონაცემები გახდება ცნობილი, მედია არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე წერს. რამდენიმე უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, ხარვეზების მიუხედავად დამკვირვებლები აზერბაიჯანში გამართულ ვადამდელ საპარალამენტო არჩევნებს დადებითად აფასებენ.

"ყველაფერი კარგადაა და წესრიგში. მოქალაქეთა მაღალი აქტივობაა. პრობლემები არ გამოვლენილა," - ამბობს პიტერ მარჩეკი, დამკვირვებელი სლოვაკეთიდან.

რუსეთიდან ჩასული დამკვირვებლის ბორის ჩერნიშევის თქმით, არჩევნები კარგად ორგანიზებული, ყველა დემოკრატიული პრინციპი კი დაცული იყო.

იმ არგუმენტით, რომ არჩევნებზე დემოკრატიული პრინციპები არ იქნებოდა დაცული ვადამდელ არჩევნებს ბოიკოტი თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოუცხადა. ამის მიუხედავად მოქალაქეთა აქტივობამ 48 % შეადგინა.

"ჩემი შვილის მეგობარი იყრიდა კენჭს, სწორედ მას მივეცი ხმა. დეპუტატი თავისი რაიონის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს, არა პირად ინტერესებზე. ვიმედოვნებ ახალგაზრდებს უფრო მეტად ადარდებთ ქვეყნის ბედი," - ამბობს აზერბაიჯანის მოქალაქე ნიზამი ალიევი.

"ახალგაზრდა კანდიდატს მივეცი ხმა, რადგან ჩვენი ქვეყანა ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მხოლოდ ახალგაზრდებს შეუძლიათ აზერბაიჯანს წინსვლა მოუტანონ. ჩვენ პრეზიდენტიც ახალგაზრდა გვყავს," - აცხადებს ადგილობრივი.

არჩევნებში ოცი პარტიიდან და რამდენიმე საინიციატივო ჯგუფიდან 1314 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დეკემბერში პარლამენტმა ალიევს საკანონმდებლო ორგანოს დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. მმართველმა პარტიამ მიზეზად რეფორმების ჩატარების გამო პარლამენტის განახლების აუცილებლობა დაასახელა.

დღის ამბები