09 მაისი 2024,   02:30
ვრცლად
რაზე ისაუბრეს "ოცნებამ" და ოპოზიციამ არაფორმალურ გარემოში

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა, რომელიც არაფორმალურ გარემოში, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაიმართა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უფრო მეტიც - ევროკავშირის ოფისიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. 

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, რომელმაც შეხვედრა პირველმა დატოვა,  აუდიენციის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი გუნდი შეხვედრაზე ახალი შეთავაზებით მივიდა, რაც საპარლამენტო მანდატების გადანაწილების პრინციპს ამჯერად უკვე 110/40-ზე გულისხმობდა. ვაშაძის განცხადებითვე, გაერთიანებული ოპოზიციისთვის "ქართული ოცნების" შეთავაზება მისაღები არც ამჯერად იყო.

ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა იმაზე ისაუბრეს, რომ დიალოგის მაგიდას ორი პირობით დაუბრუნდებიან -  თუ პოლიტიკური დევნა შეწყდება და საარჩევო სისტემა პროპორციულს მაქსიმალურად დაუახლოვდება.

ოპოზიციური ფლანგიდან დღეს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გია ჟორჟოლიანმა დაადასტურა, რომ მმართველი გუნდს დღევანდელ შეხვედრაზე ახალი შეთავაზება მართლაც ჰქონდა.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ. მათ ნაწილს დიალოგის გაგრძელებაზე პოზიტიური მოლოდინი აქვს, ნაწილი კი ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს.

ოპოზიციასთან ახალი შეთავაზებით მისვლას კატეგორიულად უარყოფდა შეხვედრიდან გამოსული ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ არაფორმალური შეხვედრის დეტალებზე აღარ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ პრინციპულ საკითხებზე ოპონენტებთან შეთანხმების რესურსს უკვე ხედავს და მხარეები მალე მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიანიშნებდნენ, რომ შესაძლოა, შეთანხმდნენ იმ პრინციპზეც, რომ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, რომელიც 40% მხარდაჭერას მაინც ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ექნება.

ეს იყო მეორე შეხვედრა, რომელიც არაფორმალურ გარემოში, კვლავ დიპლომატიური მისიის ინიციატივით გაიმართა. მხარეები გასულ კვირასაც შეიკრიბნენ. მათი მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო.

დღის ამბები