09 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
ჩვენს თანამემამულეებს ვეხმარებით, როგორც გამომგზავრებაში ასევე ადგილზე პრობლემების მოგვარებაში -  ზალკალიანი დიასპორას მიმართავს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. ზალკალიანის განცხადებით, მათი ჩამოყვანა საქართველოში ეტაპობრივად მოხდება.
 
"სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები; ბევრი მათგანი ვერ ახერხებს სამშობლოში დროულად დაბრუნებას; ბევრი მათგანი იმყოფება მაღალი დაინფიცირების ქვეყნებში და შედეგად, განსაკუთრებული სტრესის ქვეშ.

მინდა მოგმართოთ ყველას და დაგამშვიდოთ, საქართველოს მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება უპირველესად ჩვენი მოსახლეობის და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა.
 
ჩვენმა სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებულ ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებული გამოყვანა მოხდა:

ჩინეთიდან - სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერული რეისი და ამას გარდა, ორჯერ, ჩვენი პარტნიორების - საფრაგეთისა და თურქეთის დახმარებით გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები.
 
იტალიიდან - სადაც განხორციელდა ორი ჩარტერული რეისი და დღემდე ვრჩებით ერთადერთ სახელმწიფოდ, ვინც ორგანიზებულად წამოიყვანა საკუთარი მოქალაქეები.
 
ირანიდან - სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერი და ამას გარდა, სახმელეთო გზით, ორგანიზებულად მოხდა მოქალაქეების წამოყვანა.

პოლონეთიდან - სადაც პოლონურ მხარესთან და კომპანია "ლოტთან" მოლაპარაკებით, მაშინ, როდესაც პოლონეთი დახურული იყო საერთაშორისო ფრენებისთვის, განხორციელდა რამდენიმე ჩარტერული რეისი. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამომგზავრება და ადგილზე ურთულეს პირობებში რჩებოდნენ, დავაბინავეთ.

ბულგარეთიდან - სადაც, ჩაკეტილი საზღვრების გამო ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე გაჩერებული საქართველოს 90 მოქალაქე გამოვამგზავრეთ სამშობლოში და დანარჩენი ადგილზე დავაბინავეთ.

ეგვიპტიდან - საიდანაც, ფრენების გაუქმების შედეგად ჩარჩენილი სტუდენტები წამოვიყვანთ.
 
უკრაინიდან - საიდანაც ჩარტერული რეისის გამოყენებით ჩამოვიდნენ საქართველოს მოქალეები და ასევე ათენი - საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება უახლოეს დღეებში.  
 
ამგვარი მაგალითები უამრავია და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს თანამემამულეებს ვეხმარებით, როგორც გამომგზავრებასთან დაკავშირებულ, ისე ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში.
 
უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, სწორედ მათი დაუღალავი შრომით და თანადგომით გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და დღეს სამშობლო თქვენს გვერდით არის!" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები