09 მაისი 2024,   07:18
ვრცლად
კორონავირუსის მონაცემები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კვლავ მატულობს

კორონავირუსის მონაცემები კვლავ მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი 3,900-ს აჭარბებს. ქვეყანაში ერთთვიანი კარანტინის შემდეგ პირველად 14 წლამდე ბავშვებს გარეთ გასვლის საშუალება მიეცათ. ხვალიდან კი ქუჩაში გასვლის ნებართვა 15-დან 20 წლამდე ასაკის მოზარდებს ექნებათ.

COVID-19 ყოველდღიურად 10 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება რუსეთში, სადაც ფატალური შემთხვევების რიცხვი 2,200-ს აჭარბებს.

65-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების რიცხვი აზერბაიჯანში, ინფიცირებულთა შორის არიან პატიმრებიც. ლეტალობის მაჩვენებელი აზერბაიჯანში 35-ს, სომხეთში კი 48-ს შეადგენს.

ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ ინფექცია 12-ათასამდე პირს დაუდგინდა.

განსხვავებული ვითარებაა ევროპის ქვეყნებში, სადაც ბოლო დღეებია იკლებს ინტენსიურ განყოფილებებში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა, შესაბამისად ქვეყნები დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებენ.

ორშაბათიდან სკოლების ნაწილი და მუზეუმები გაიხსნება ბელგიაში.

პანდემიის ეპიცენტრში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 85 ათასს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსი არასდროს გაქრეს და ის ენდემურ ვირუსებს დაემსგავსოს.

დღის ამბები