08 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
საგარეო ვალით დასაფინანსებელი 11 პროექტი, რომელსაც შესრულების გრაფაში ნული უწერია - აუდიტის დასკვნა პოლიტიკური კრიტიკის საფუძველი გახდა

კახეთის რეგიონის ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2019 წელს 9 მილიონ 500 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო. თუმცა, შარშან პროექტის შესასრულებლად, გერმანიის განვითარების ბანკისგან მიღებული თანხისგან, თეთრიც არ დახარჯულა.

ნულოვანი შესრულება იმავე საფინანსო ორგანიზაციისგან დაფინანსებულ კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტსაც აქვს. გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე გასულ წელს დასახარჯი 4 მილიონ 500 ლარი უცვლელი დარჩა.

როგორია საინვესტიციო კრედიტების ათვისება და როგორ ხდება საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების განხორციელება - ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული და შესრულებული გეგმა აუდიტის სამსახურის მოხსენებაში მოხვდა, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანაგრიში შესახებ მომზადდა. დოკუმენტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შარშან შესრულების გრაფაში ნული უწერია, სულ 11 -ია.

ამ 2-დან ერთ-ერთი ბათუმის ავტობუსების პროექტია, მისი შესრულების მაჩვენებელი, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 46 პროცენტია. EBRD-სგან კონკრეტული მიზნით ნასესხები თანხების დაბალი ათვისების გამო, 2019 წელს ჯარიმის სახით სახელმწიფომ 83 ათასი ლარი გადაიხადა.

რა არის საინვესტიციო პროექტების ნულოვანი შესრულების ან 70 პროცენტზე ნაკლები ათვისების მიზეზი - ამის გასარკვევად "კურიერი" იმ უწყებებს დაუკავშირდა, რომლებიც ამ პროექტების შესრულებაზე არიან პასუხისმგებლები. მათ შორის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს. ასევე თბილისის მერიას. ცქიტიშვილის უწყებიდან მიღებულ წერილობით პასუხში, სამინისტრო განმარტავს, რომ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უწყებამ შეძლო 459.5 მლნ ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება. პასუხში ასევე ვკითხულობთ, რომ რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, პროექტების დაწყების და ასევე განხორციელების პროგრესის გათვალისწინებით, მოხდა გეგმის განულება ან/და ცვლილება როგორც შემცირების, ასევე გაზრდის მხრივ. სამინისტროს განმარტებით აღნიშნული ცვლილება ასევე შეეხო აუდიტის ანგარიშში აღნიშნული 11 პროექტიდან სამინისტროს ეგიდით მიმდინარე 3 პროექტს.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, თანხების აუთვისებლობის გამო ბიუჯეტმა ასევე გადაიხადა საურავი 138 ათასი ლარის ოდენობით - ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის 15 მილიონიანი პროექტია. ეს ის ადგილია - ქუთაისის ახლოს ჭოგნარის მიმდებარე მინდორი, რომელიც პროექტის მოსაწყობად თავდაპირველად გამოიყო. თუმცა, მოსახლეობის პროტესტის გამო, გეგმა ჩაიშალა. აუდიტის სამსახური გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

წერილობით გვიპასუხა ეკონომიკის სამინისტრომაც. პასუხი 4 პროექტს მოიცავს. მათ შორის უწყებამ განმარტება გურიის ელექტროგადამცემი ხაზები ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზეც გააკეთა, რომელსაც ნულოვანი შესრულება აქვს.

აუდიტის სამსახურის მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები პოლიტიკური კრიტიკის საფუძველი გახდა. მმართველი გუნდის ოპონენტები ეჭვებს კორუფციაზე გამოთქვამენ და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციისთვის შეუსრულებელი საინვესტიციო პროექტები ხელისუფლების არაეფექტიანი მმართველობის შედეგია.

საპარლამენტო უმრავლესობაში მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი პროგრამა, პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა. ქართული ოცნების დეპუტატები საკითხის დეტალურად განხილვას საკომიტეტო მოსმენების დროს აანონსებენ.

ანგარიში საჯაროა. როდის წარადგენს აუდიტის სამსახური დოკუმენტს პარლამენტში განსახილველად, ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული არ არის. თუმცა წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საკანონდებლო ორგანოში ტრადიციულად საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განიხილავენ.

დღის ამბები