28 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
საზღვარი არ გადაუკვეთია, გადმოდიან რუსი მესაზღვრეები და ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნასაც გვიშლიან - სანდრო იორამიშვილი 23 წლის მწყემსის დაკავების შესახებ

პატიმრობის მეათე დღე. რუსი მესაზღვრეები ქართველ მწყემსს ისევ არ ათავისუფლებენ. 
საზღვრის უკანონო კვეთის გამო 23 წლის დავით ვარდოშვილი კახეთში, დაღესტნის საზღვარზე აიყვანეს.

მომხდარი ფაქტი მხოლოდ 3 დღის წინ გახმაურდა. რუსეთთან მწყემსის დაბრუნებაზე მოლაპარაკება შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიმდინარეობს.

არ არის გამორიცხული, რომ ყადორის მთაზე, სადაც საძოვრებია ქართველმა მწყემსმა საზღვარი მართლაც გადაკვეთა, თუმცა რატომ დამალეს მესაზღვრეებმა მომხდარი - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ისევ არ არის.

დაკავებულის დის ინფორმაციით, 23 წლის დავით ვარდოშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"10 დღის წინ დაიჭირეს. სავარაუდოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, ის საქონელს ეძებდა, რა დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა დაიჭირეს. ალბათ შემთხვევით გადაკვეთა საზღვარი,"- ამბობს რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული დავით ვარდოშვილის და. 

სოფელ ალმატის მცხოვრები კი ამბობს, რომ მწყემსს საზღვარი არ გადაუკვეთია და რუსი მესაზღვრეები გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

"ერთად წავედით, საქონელიც ერთად გვყავს. არავითარი საზღვარი არ გადაუკვეთია. ჩვენ იქეთ არ გადავდივართ, გადმოდიან რუსი მესაზღვრეები ჩვენს ტერიტორიაზე, აქედან წაიყვანეს, 500 მეტრით გადმოვიდნენ. წლებია ჩვენ იქ დავდივართ და ჩვენი ბიჭები იქით არ გადადიან, ისინი აძლევენ თავს უფლებას, საზღვარსაც კვეთენ და საძოვრებზე ყოფნასაც გვიშლიან"- ამბობს სოფელ ალმატის მცხოვრები სანდრო იორამიშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად გადმოდიან. ადგილზე სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია არ არსებობს, რაც მოსახლეობისთვის მუდმივად საფრთხის შემცველია და ადგილზე სახელმწიფო საზღვრის გავლებას ითხოვენ. 

დღის ამბები