27 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - მერაბ ტურავას სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება

2 საათიანი განხილვის შემდეგ პლენუმის უმრავლესობამ, 5-მა მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 5 წლით მერაბ ტურავას ჩააბარა. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ახალ ამპლუაში პირველი განმარტება გააკეთა. ტურავა ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა და აქცენტი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე გააკეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ მერაბ ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, მისი მეტოქე ირინა იმერლიშვილი კი ოთხმა, შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. მათ შორის, არც კონკურენტისთვის.

პლენუმი კანდიდატებს აქციის ფონზე უსმენდა. საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გადაწყვეტილების მიღებამდე მერაბ ტურავას კანდიდატურა გააპროტესტეს. ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ მერაბ ტურავა პროფესიული ნიშნით კი არა, ხელისუფლების მიმართ ერთგულების გამო შეარჩიეს.

მერაბ ტურავას არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არ უკვირთ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობა" მესამე ხელისუფლებას "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს წარსულ საქმეებს ახსენებენ "ევროპულ საქართველოში". დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად დარჩენის რესურსი აქვს.

ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ყველა იმ სტანდარტს პასუხობს, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი.

მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ზაზა თავაძე შეცვალა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა. მერაბ ტურავა პირველი კოლეგიის თავმჯდომარე იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა ის 2015 წელს აირჩია. ტურავას სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" საქმეც. ასევე, სწორედ ის განიხილავდა სარჩელს, რომლითაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9 თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნის კონსტიტუციურობას ასაჩივრებდა. მაშინ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს მოსამართლე მერაბ ტურავა საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ მისი ავადმყოფობის გამო ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა შემდგომ განაჩენი ტურავას ხელმოწერის გარეშე მაინც მიიღო.

დღის ამბები