27 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია დიპლომატების რეკომენდაციებს - საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი ორშაბათს გადაწყდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე და ბოლო მოსმენამდე ელჩები ყველა მხარეს თამაშის წესების შეჯერებისკენ მოუწოდებენ, იმ დათქმით, რომ ორივე მხარე ამას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება. მათი მოწოდება კენჭისყრამდე 3 დღით ადრე საკონსტიტუციო პროექტის ფართო მხარდაჭერას ეხება.

კონსტიტუციას რომ ფართო პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, თუმცა იმ ბარიერებზე საუბრობენ, რომლებიც, მათი თქმით, მმართველმა გუნდმა შექმნა და საშუალებას არ უტოვებს მათ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ, რათა დანაპირების საკუთარი ნაწილი შეასრულონ. სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ დღეს ელჩების კომენტარების ადრესატებად უფრო მეტად "ოცნება" მიიჩნია, ვიდრე საკუთარი თავი. ამბობენ, რომ ვალდებულებების მათი ნაწილი მაშინ შესრულდება, როდესაც საკუთარ ნაწილს ხელისუფლება შეასრულებს.

"ორი ნაწილი არ არსებობს, შეთანხმება ერთ ნაწილიანია" - ასეთია "ოცნების" პასუხი, სადაც ფიქრობენ, რომ ოპონენტებმა ეს პირობა უკვე დაარღვიეს, თუმცა არც ის გამორიცხეს, რომ შესაძლოა, მათ ორშაბათამდე გადაიფიქრონ კიდეც, რათა თამაშგარეთ არ დარჩნენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამის წინაპირობა ოპოზიციამ უკვე შექმნა კიდეც. "ოცნება" კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორია მათი თვალით დანახული სადავო შეთანხმება.

უკვე ორშაბათს პროექტი პარლამენტში მესამე მოსმენით გავა, ჩავარდნის შემთხვევაში მისი ხელახლა დაინიცირება შესაძლებელია. თუმცა, დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ მოლოდინი, რომ პროექტი ფინალში გავა, რადგან ფიქრობენ, მათმა მხარდაჭერამ მმართველ გუნდს სხვა გზა არ დაუტოვა. "ოცნებასთან" ერთად ორშაბათს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერ კოლეგებსაც ელოდებიან.

დიპლომატებმა დღევანდელ განცხადებებში იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ეუთო-ოდირის რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესატანია, თუმცა ამას უკვე მეორე ეტაპად განიხილავენ, პირველი და მთავარი ეტაპი კი დასკვნით ფაზაშია, ორშაბათს ქვეყნის საარჩევნო სისტემა უნდა გაირკვეს.

​​

დღის ამბები