09 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით უვიზო მიმოსვლის მიღწევაც, პირდაპირი ფრენებიც, თავისუფალი ვაჭრობაც და კიდევ ბევრი სხვა რამ არის შესაძლებელი - მიხეილ დაუშვილი

USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორის ინტერვიუს თემასთან დაკავშირებით, რა დახმარებას უწევს ამერიკა საქართველოს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სააგენტოს საქართველოსთან 32 წელია მჭიდრო პარტნიორობა აქვს და 2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩადო. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სწორი მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით უვიზო მიმოსვლის მიღწევაც, პირდაპირი ფრენებიც, თავისუფალი ვაჭრობაც და კიდევ ბევრი სხვა რამ არის თავისუფლად შესაძლებელი. ამას სჭირდება სწორი მუშაობა და არა იმ კითხვების და ეჭვების პროვოცირება, რასაც დღეს ოცნება აკეთებს. ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას, განსაკუთრებით ეკონომიკურ ჭრილში და უნდა გვესმოდეს რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილებაზე საუბრობს. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი ფრენები რომ არ არის, ამის გამო ვინმეს ამერიკაში წამსვლელს პრობლემა აქვს შექმნილი? ყურით მოთრეულ პრობლემებზე მეტად, ჯობია რეალურ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება. ამერიკის შეერთებული შტატები ამდენი წელი მილიონობით ამერიკულ დოლარს რომ ხარჯავს ინსტიტუტების გამაგრებაზე, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, და მერე გამოხტება ხელისუფლება და იმ ინსტიტუტებს ანგრევს, პროფესიონალებს უშვებს სამსახურიდან, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დღის ამბები