27 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
უკრაინაში აღმოჩენილია ქოლ-ცენტრი, რომლის უკანაც, სავარაუდოდ ე.წ. კანონიერი ქურდი “ლაშა სვანი“ დგას - რა წერია საქმის მასალებში

უკრაინის ტერიტორიაზე ორი თაღლითური ჯგუფი განეიტრალდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ლატვიური მედია ავრცელებს.

გამოცემა press.lv წერს, რომ დნეპროპეტროვსკის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სასამართლოს წარუდგინეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის 11 წევრის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალები.

პროკურატურის თანახმად, “სამმა ორგანიზატორმა, მათ შორის კანონიერი ქურდის, “ლაშა სვანის“ (ლაშა ჯაჭვლიანი) სანდო პირმა, შექმნა თაღლითური ქოლ-ცენტრები დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე, საიდანაც ზარები განხორციელდა ლატვიის მაცხოვრებლების სატელეფონო ნომრებზე“.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 30 ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ცეცხლსასროლი იარაღი.

დღესვე, ლატვიის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, გამოვლინდა სატელეფონო თაღლითობის სქემა ზაპაროჟიეს რეგიონშიც. დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ამ დრომდე დგინდება, ვინაიდან ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა და ატყუებდა ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის ლატვიის მოქალაქეებს.

“კრიმინალებმა შექმნეს იატაკქვეშა სატელეფონო ცენტრი, რომელიც მოქმედებდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ფინანსური მარეგულირებლის საფარქვეშ - კერძოდ, თაღლითები თავს „ექსპერტებად“ ასაღებდნენ და სხვადასხვა მოქალაქეებს სთავაზობდნენ ყალბ საინვესტიციო საიტებში მონაწილეობის შედეგად დაკარგული თანხების დაბრუნებას. დაზარალებულებში ნდობის მოსაპოვებლად ქოლ-ცენტრის ოპერატორებს (სატელეფონო თაღლითებს) სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავდათ. მაგალითად, რომ ისინი არიან ნამდვილი სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან ფულის დაბრუნებაში, რომ მუშაობენ იურიდიულ ფირმებში და აქვთ დიდი გამოცდილება.

აღმოჩნდა, რომ თაღლითებს ჰქონდათ იმ პირების მონაცემთა ბაზა, რომლებიც ადრე ერთხელ უკვე გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი. დამნაშავეები რუსულად საუბრობდნენ და გარკვეული თანხების გადახდას ითხოვდნენ. როგორც პოლიცია იუწყება, ლატვიის არაერთი მოქალაქე ენდობოდა ამ „სპეციალისტებს“, გადაიხადეს მათი მომსახურეობის თანხა, მაგრამ კვლავ მოტყუებულები დარჩნენ“, - წერს ლატვიური გამოცემა.

დღის ამბები