10 მაისი 2024,   19:07
ვრცლად
ქვეყანაში ხალხს რომ არ აწამებენ ეს კარგია, თუმცა ჩემთვის წამება არის ისიც, რომ ბავშვები შიმშილობენ - პაატა მანჯგალაძე

"დემოკრატიის მრავალფეროვნების" კვლევას, სადაც წამებისგან თავისუფლების ინდექსზეა საუბარი, პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, კარგია, რომ აღნიშნულ ინდექსში ქვეყნის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, თუმცა მანჯგალაძე ქვეყანაში არსებულ სხვა პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ქვეყანაში ხალხს რომ არ აწამებენ ეს კარგია, თუმცა ჩემთვის წამება არის ისიც, რომ ბავშვები შიმშილობენ. შიმშილზე დიდი წამება არ არსებობს. რეიტინგებში პროგრესი ძალიან დასაფასებელია, თუმცა ეს ვერ იხსნის საქართველოს მოქალაქეს იმ პრობლემისგან, რომელიც დღეს აქვს," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

"კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე - დაინტერესებულა თუ არა, მისი პარტიის პარტნიორი "ნაციონალური მოძრაობისგან", მათი მმართველობის დროს, რატომ იყო აღნიშნულ ინდექსში საქართველო 147-ე ადგილზე, რაზეც მანჯგალაძემ უპასუხა, რომ ენმ-სთან წარსულზე ლაპარაკს არ აპირებს.

"2003 წლამდე არც სახელმწიფო სტრუქტურები იყო, არც პოლიცია იყო, არც ჯარი, არც ხელფასები რიგდებოდა, არც პენსიები. მოკლედ, ბევრი არგუმენტი აქვთ, თუ რატომ ვერ შეძლეს ყველაფრის გამოსწორება, ამიტომ წარსულზე ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მომავალზე ფიქრი. მე მაქვს კითხვები შიმშილთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან," - განაცხადა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით კი, მას მხოლოდ გაუხარდება, თუ საქართველო იქნება დაწინაურებული ყველა ინდიკატორის მიხედვით და აღარ იარსებებს არცერთი კითხვა კანონის უზენაესობის სტანდარტის მიმართულებით.

ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კონცენტრირებულია სახელმწიფო მოხელეების ან სახელმწიფოს სხვა აგენტების მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზე. ამ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. V-DEM-ის რეიტინგში საქართველო 46ე ადგილზეა.

დღის ამბები