27 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
ნიკა გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის უარი ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა - მის გუნდში კი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვი ეპარებათ

ნიკა გვარამიას გუნდში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვი ეპარებათ. საუბარია პარტია "ახალის" დამფუძნებლის სარჩელზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. გვარამია სტრასბურგისგან პოლიტიკური დევნის დადასტურებას ითხოვდა, თუმცა საქმე წარმოებაშიც კი არ მოხვდა. ყოფილი პროკურორი ორი დღეა ინტერვიუზე უარს აცხადებს. მისი თანამოაზრეები კი სტრასბურგის სასამართლოზე უფრო მაღალ ინსტანციად, კვლავ ევროპარლამენტარებისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებებს მიიჩნევენ.

გვარამიას და მისი თანაგუნდელების დამოკიდებულება ევროპული სასამართლოს მიმართ, მმართველ გუნდში არ გაჰკვირვებიათ. სახელისუფლებო პარტიაში დღეს გვარამიას საქმეზე ევროპალამენტარების, ევროკავშირისა და ამერიკის ყოფილი ელჩების განცხადებებიც გაიხსენეს. თქვეს, რომ 2022 წელს საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ფაქტობრივი სანქციების ქვეშ უკანონოდ მოექცა, რაც სტრასბურგის სასამართლომ ბოლო გადაწყვეტილებითაც დაადასტურა.

ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ინსტანციის ნაბიჯმა ოპოზიციის დიდი ნაწილიც დააბნია. პოლიტიკოსებს, რომლებიც წარსულში ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ, დღეს სტრასბურგის სასამართლოსთან არგუმენტებით დაპირისპირება უჭირთ. ამბობენ, რომ საქმის დეტალებს არ იცნობენ. თუმცა, "მთავარი არხის" დამფუძნებელს კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლად მოიხსენიებენ.

ოპოზიციამ რომ სტრასბურგის მოსამართლეების ვეტინგით შემოწმება მოითხოვოს - საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე არც ამას გამორიცხავენ. კანონმდებლებმა დღეს პასუხი გვარამიას შეწყალების გამო საქართველოს პრეზიდენტისგანაც მოითხოვეს. მათი თქმით, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ზურაბიშვილმა ციხიდან კრიმინალი გაათავისუფლა.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ 2022 წელს ცნო. არხის ყოფილი დირექტორი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეშიც გამტყუნდა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გვარამიამ ციხე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.

 

 

დღის ამბები