08 მაისი 2024,   00:04
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი - არასამთავრობოები ვენეციის კომისიას მიმართავენ

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვენეციის კომისიას მიმართავენ. მათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. არასამთავრობოებისთვის საარჩევნო სისტემა არის მნიშვნელოვანი საკითხი. ამ დროისთვის ისინი კონსულტაციებს მართავენ და საბოლოო ტექსტი ჯერ ცნობილი არ არის.

„საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ამის აუცილებლობა არსებობდა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა დაანონსდა, მთავარი საკითხი არასამათავრობო სექტორისთვის იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება და არა რომელიმე სხვა საკითხი. მართალია, საარჩევნო სისტემა იმ მხრივ იცვლება, რომ მაჟორიტარული სისტემა უქმდება, მაგრამ მანდატების განაწილების ის წესი, რაც შემოთავაზებულია, არსებითად ტოვებს იმ პრობლემას და უსამართლობას, რომელიც შეიძლება კვლავაც დადგეს,“- განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შეეცდებიან, ვენეციის კომისიის დარწმუნებას. მათი აზრით, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არის ქვეყნისთვის აუცილებელი.

„თუკი ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს უფრო მეტად დაბალანსებული მართვის სისტემა ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, ჩვენ გვყავდეს დამოუკიდებელი არბიტრი, პრეზიდენტი, რომელიც ამ როლს უკეთესად შეასრულებს. დღევანდელ პირობებში საქართველოსთვის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არის მიზანშეწონილი, აქაც შევეცდებით, ვენეციის კომისია დავარწმუნოთ, რომ ეს არის ის საუკეთესო მოდელი, რომელიც ყველაზე კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები