27 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
პარლამენტის სპიკერმა სიტყვა დესტრუქციულის მნიშვნელობა როგორც ჩანს არ იცის-ოპოზიცია კობახიძეს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებას პრეზიდენტთან გამართული შეხვედრისა და დესტრუქციული ელემენტების შემცველი გეგმების დასახვასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წევრებმა უპასუხეს.

ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიდგომა მათთვის გაუგებარია. პარტიის ლიდერები საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ განმარტავენ.

„ერთდერთი ამოცანა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამ წუთში არის, რომ ამ ორ საკითხზე, პრეზიდენტის არჩევაზე და გაუნაწილებელი მანდატების მითვისებაზე პირველი პარტიის მიერ დავეკითხოთ  ხალხს და ვკითხოთ მათ აზრი. ეს როგორ შეიძლება შეაფასოს ვინმემ როგორც დესტრუქციული ნაბიჯი და დესტრუქციული მიდგომა, არის ჩემთვის სრულიად გაუგებარი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა დესტრუქციულის მნიშვნელობა საერთოდ არ იცის. ნიკა რურუას თქმით, ოპოზიცია ეწინააღმდეგება არა კომისიას, არამედ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რომელიც ერთპიროვნულ მმართველობას ქმნის.

„სიტყვა დესტრუქციულის მნიშვნელობა როგორც ჩანს ჩვენმა პარლამენტის სპიკერმა, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ამ პოზიციას არ იცის. თუ ჩაიწერა ის ცვლილებები რაც იქ არის, თუ ხალხს ჩამოერთვა პირდაპირი არჩევის უფლება და ბევრი სხვა რამე, ძალაუფლების დაყოფის პრინციპი საერთოდ დამთავრდება და იქნება ერთპიროვნული, უვიცი მმართველობა,“-აცხადებს ნიკა რურუა.

ირაკლი კობახიძის განცხადებას "სასაცილოს" უწოდებს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი.

„ძალიან სასაცილოა, ღიმილის მომგვრელია. ეს არის იმისთვის გაკეთებული განცხადებები, რომ შინაარსობრივი თემები გადაფარონ და აქცენტი გააკეთონ როგორმე კონსპირაციულ შეთანხმებებზე. საზოგადოებას უთხრან, რომ რაღაცეებს ხლართავენ, ინტრიგებს პრეზიდენტი და პარტიები,“-ამბობს გიორგი ახვლედიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები