09 მაისი 2024,   20:20
ვრცლად
პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები დესტრუქციულ გეგმაზე შეთანხმდნენ - კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებსა და ექსპერტებს, დესტრუქციული გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს. განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც სათავეში საქართველოს პრეზიდენტი უდგას.

კობახიძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის ქმედებები შეუსაბამოა პრეზიდენტის როლსა და ფუნქციებთან

„რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს პარტიებთან, ექსპერტებთან კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე და ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ თუ როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც შეთანხმდნენ, სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები. იმედია, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება, თუმცა შეთანხმება ამასთან დაკავშირებით შედგა, რაც არის სრულიად შეუთავსებელი, საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციებთან, როლთან,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს მას ითანამშრომლოს პარლამენტთან და საკონსტიტუციო კომისიასთან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, დაუდგეს გვერდით საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, რაც არის მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. იმედი გვაქვს, რომ აქ კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი გარკვეული კონსესუსის მიღწევა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები