09 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
თათარიშვილის საქმე - საქმის არსებითი განხილვა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების ფონზე გრძელდება

მიხეილ თათარიშვილის საქმის არსებითი განხილვა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების ფონზე გრძელდება. დღევანდელ პროცესზე 7 მოწმე დაიკითხა. 7-ვე მათგანი იმ სასადილოს თანამშრომელია, სადაც ოჯახის წევრების ინფორმაციით, თათარიშვილის დაკავება მოხდა. მოწმეებმა პოლიციისგან განსხვავებული ჩვენება მისცეს. პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ დაკავება მოხდა სურამის გზატკეცილზე, სადაც შედგა ოქმი და მხოლოდ ამის შემდეგ დააკავეს თათარიშვილი. მოწმეთა ჩვენების მიხედვით, დაკავება სურამში, ერთ-ერთ სასადილოში მოხდა. პოლიციის მხრიდან არ შედგენილა ოქმი და არ ჩატარებულა ადგილზე დაკავებულის ჩხრეკა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტებმა გამოძიების გარემოებები შეცვალოს.

„ყველა პოლიციელი, რომელიც სასამართლოში მოვიდა, ერთხმად ამტკიცებდა, რომ თურმე თათარიშვილი თამარ მეფის 100 ნომერთან იდგა და ელოდებოდა პოლიციელები როდის მისულიყვნენ და როდის დაეკავებინათ და თურმე ქუჩაში დააკავეს, მაშინ როდესაც დღეს მოსულმა ყველა მოწმემ ცალსახად თქვა, რომ თათარიშვილის დაკავება მოხდა სასადილოში. ყველა პოლიციელი, რომლებმაც სასამართლოს მისცეს ჩვენება, რეალურად არიან პასუხისგებაში მისაცემები, იმიტომ, რომ ფაქტებს არასწორად გადმოსცემენ და რეალურად, უკანონოდ არის ადამიანი დაკავებული. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო გაანალიზებს ამ ჩვენებებს,“ - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

მიხეილ თათარიშვილის მამა ლადო თათარიშვილი ამბობს, რომ მისი შვილის დაკავებისას არც ოქმი შედგენილა და არც ჩხრეკა ჩატარებულა.

„მიხეილ თათარიშვილი დარბაზიდან გაიყვანეს, წამოიყვანეს თბილისის სამმართველოში და თბილისის სამმართველოში შეადგინეს ოქმი, რაც მეორე დღეს გაიგო მიხეილ თათარიშვილმა, რაც ჩაუდეს,“ - განაცხადა ლადო თათარიშვილმა.

დღის ამბები