28 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
ვისმენთ შეურაცხყოფას, ვისმენთ ცილისწამებას - ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას პასუხობს. მან ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

„ვისმენთ შეურაცხყოფას, ვისმენთ ცილისწამებას, ვისმენთ აბსოლუტურად უსაგნო პოლემიკას, მათ შორის, კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით. იყო ლაპარაკი, თითქოს, ტყუილები, თითქოს, ასე ვთქვათ, შიში და ა.შ. ძალიან კომიკურია ასეთ თემებზე საუბარი მარგველაშვილთან მიმართებაში,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს თავს არიდებს. მან პარლამენტის თავმჯდომარე განსხვავებული მოსაზრებების მიუღებლობის გამო გააკრიტიკა.

„კონსენსუსი ჰგონია ის, რომ მხოლოდ მისი ან მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრზე უნდა ხდებოდეს თანხვედრა და აზრის კონსოლიდაცია და არაფრით არ შეიძლება, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას სხვისი აზრისკენ,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს საკითხზე გამოთქმული მოსაზრების გამოც გააკრიტიკა.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, "ვენეციის კომისიას" პარლამენტის არჩევის სისტემასთან დაკავშირებით სერიოზული შენიშვნები ჰქონდა და შედეგად, მმართველმა გუნდმა შერეული მოდელი ძალაში დატოვა. ის აღნიშნავს, რომ ვერცერთმა პარლამენტმა ჯერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ გაბედა.

„7 წლითა და რამდენიმე თვით საქართველოს გადავუვადეთ კიდევ ერთხელ უფრო დემოკრატიული, უფრო სამართლიანი სისტემის შემოღება,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძე შიშობს, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელი ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების წინაპირობა შესაძლოა, გახდეს.

„ჩვენ შეიძლება, მივიღოთ მოდელი, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკის წარმოებას საქართველოში. ჩვენ შეიძლება, ჩუმი ავტორიტარიზმის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და ხვალ, ზეგ დამაბალანსებელი ინსტრუმენტებიც არ არსებობდეს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები