28 აპრილი 2024,   16:59
ვრცლად
2024 წლისთვის ასამოქმედებელი ცვლილებები ხვალ რატომ უნდა მივიღოთ - ნინო გოგუაძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს

„არასერიოზული ხალხი, არასერიოზული ადამიანები,“ - ასე აფასებს ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე, მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.  

ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო მოდელი არაფორმალური მმართველობისთვის კარგ წინაპირობას ქმნის.

„დღევანდელმა პროცესმა გვაჩვენა, რომ სწორედ ეს იყო მათი მთავარი განზრახვა, ხოლო მთელი ეს პროცესი, რაც ამდენი ხანი მიმდინარეობდა ჩვენს თვალწინ, რისთვისაც ამდენჯერ შევაწუხეთ "ვენეციის კომისია", მხოლოდ დეკორაცია ყოფილა და ჩვენ ვაგრძელებთ დეკორაციულ სახელმწიფოში ცხოვრებას,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რა პროექტს განიხილავენ ხვალ პარლამენტში. ნინო გოგუაძე პრეზიდენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა უმრავლესობას დაფიქრებისკენ მოუწოდა.

„2024 წლისთვის ასამოქმედებელი ცვლილებები ხვალ რატომ უნდა მივიღოთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ისეთი დრო აქვთ განსაზღვრული, დირექტივა მიღებული, რომ აუცილებლად ერთ კვირაში უნდა დაასრულონ გაუგებარ კონსტიტუციაზე მსჯელობა,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

ნინო გოგუაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს, რომელ რეკომენდაციებს ითვალისწინებს მმართველი გუნდი "ვენეციის კომისიის" რეკომენდაციებიდან. 

დღის ამბები