07 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების თქმით, მმართველი გუნდი ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს

ივლისში პოლიტიკური პარტიებისთვის ჩარიცხული წინასაარჩევნო შემოწირულობების თაობაზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ ოპოზიციური პარტიების დახმარების საშუალებას არ აძლევს.

„როდესაც ხელისუფლებას ყველანაირი ტენდერის გარეშე, 60 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიცემული კომპანიებისთვის, რომელთა დამფუძნებლები შემდგომში ქართული ოცნების შემომწირველები ხდებიან, ხოლო, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ახორციელებს იგივე ხელისუფლება ზეწოლას იმ კომპანიებზე, რომლებიც ცდილობენ ოპოზიციური პარტიების დახმარებას, რა თანაბარ პირობებზე შეიძლება ლაპარაკი,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, კი აცხადებს, რომ ქართული ოცნება თავის პრაქტიკას აგრძელებს, როდესაც მისი შემომწირველები ძირითადად სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არიან.

„სამწუხაროდ, სახელისუფლებო პარტიის დაფინანსება კვლავ საბიუჯეტო, გაფლანგული თანხებიდან მიღებული დაფინანსებაა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ასევე მმართველი გუნდის მიერ ბიზნესის დაშინების თაობაზე საუბრობს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე.

„ხდება ღიად პრორუსული პარტიების დაფინანსების წახალისება. რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა, გვაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომ ამის სანაცვლოდ, ისინი უკვე ბიზნესს ვგულისხმობ, იღებენ შეღავათიანი წესით ტენდერებში მონაწილეობას და იმარჯვებენ. ეს, სავარაუდოდ, უკვე არის კორუფციის წყარო,“ - აცხადებს თამარ კეკენაძე.

მისი თქმით, ქართული ოცნება აკონტროლებს როგოც ადმინისტრაციულ რესურსს, ისე ბიზნესს.

ამავე თემაზე
დღის ამბები