08 მაისი 2024,   06:20
ვრცლად
დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა დადასტურა, რომ მინისტრთა კაბინეტი დამორჩილებულია ოლიგარქიულ წესწყობილებას - ნიკა მელია

„დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა საჯარო მოხელე, მთლიანი მინისტრთა კაბინეტი არის დამორჩილებული ოლიგარქიულ წესწყობილებას და ოლიგარქის ნებას არის დაყოლილი“ - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსი პრანკერებისა და სავარაუდოდ შს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარს.

აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილი ვითომდა უკრაინელ კოლეგასთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადირება ქვეყანაში „ვნებათაღელვას“ გამოიწვევს.

ახალციხეში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს გავრცელებულმა ჩანაწერმა ცხადყო, რომ მთავრობა ივანიშვილის ნებას ექვემდებარება.

„დღეს გავრცელდა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„ჩანაწერმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით და არანაირი სამართლებრივი მოტივი არ აქვს მის დევნას. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმე არის თავიდან ბოლომდე ფიქცია და ბლეფი,“ - აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს ეს ჩანაწერი, რათა საბოლოოდ დარწმუნდეს ყველა, ვინმეს თუ კიდევ არ სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ეს იყო ნამდვილი და ავთენტური ჩანაწერი. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, არავის ეჭვი აღარ შეეპარება არც ქვეყნის შიგნით, არც საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე, რომ ეს იყო ავთენტური ჩანაწერი. იმ შემთხვევაში თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარადგენს ამ ჩანაწერს საერთაშორისო საექსპერტო ბიუროში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები