07 მაისი 2024,   17:03
ვრცლად
გაუპატიურების შესაძლო მცდელობა - პროკურატურის კითხვებს ვაკის განყოფილების გამომძიებელმა უნდა უპასუხოს 

ახალგაზრდა გოგონა ამტკიცებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, მისი გაუპატიურება სცადეს და ფიზიკურად იძალადეს.

სხეულის დაზიანებებით 19 წლის გოგომ პოლიციას დახმარებისთვის მიმართა.

დაზარალებული ყვება, რომ მოძალადე რუსულად საუბრობდა და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ქალს ფიზიკურად უსწორდებოდა. გოგომ თავდამსხმელს თავი დააღწია და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

პოლიციამ 19 წლის დაზარალებულს მოუსმინა, მისგან ჩვენება აიღო, თუმცა ოქმში გამოძიებას სექსუალური ხასიათის დანაშაულზე არ დაუწერია. დაზარალებული ამბობს, რომ საგამოძიებო ფურცელზე საუბარი მხოლოდ წვრილმან ხულიგნობას ეხება. 

დაზარალებული ყვება, რომ გამომძიებელმა შესთავაზა, დანაშაული არ გაემხილა და ამ თემაზე საჯაროდ არაფერი ეთქვა, რადგან თავდამსხმელს შესაძლოა, ის მეძავი ეგონა. სამართალდამცველმა გოგონას ურჩია, რეპუტაციას გაფრთხილებოდა.

დაზარალებული პოლიციის სამმართველოში მეორედ მას შემდეგ დაიბარეს, რაც მომხდარის შესახებ მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. 19 წლის გოგო ჩვენებას უკვე მეორედ 3 საათის განმავლობაში აძლევდა.

საქმით დღეს დაინტერესდა პროკურატურაც. საგამოძიებო უწყება ფაქტზე გამოძიებას 2 სხვადასხვა მუხლით აწარმოებს.

გადაამეტა თუ არა საკუთარ სამსახურეობრივ უფლებებს პოლიციის გამომძიებელმა, ეს პროკურატურაში მისმა კოლეგებმა უნდა გამოიძიონ. საქმეს პარალელურად სწავლობს შსს-ს გენერალური ინსპექცია. 19 წლის გოგოზე სექსუალური ხასიათის დანაშაულსა და პოლიციის მხრიდან უფლებების არაჯეროვნად შესრულების საქმეს იკვლევს სახალხო დამცველიც.

დღის ამბები