08 მაისი 2024,   01:13
ვრცლად
აფეთქება ბათუმში - გენერალ აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლები პასუხიმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ

ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.  28 წლის მამაკაცს მაღალი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. კლინიკაში რჩება კიდევ 2 პირი.

გაზგასამართი სადგური ბათუმში დღისით აფეთქდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე 4 საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

გენერალ აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლები აფეთქებაზე პასუხიმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. ამბობენ, რომ თხევადი გაზის სადგური, სადაც აფეთქება მოხდა, უკანონოდ იყო დამონტაჟებული და ხშირად ჟონავდა. სადგურის გადატანის მოთხოვნით ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე მათ ნებართვა არ გაუციათ და ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ ეკისრება. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მსგავს მობილურ სადგურს ნებართვა საერთოდ არ სჭირდება და ის, უბრალოდ, სპეციალურ რეესტრში უნდა იყოს დარეგისტრირებული.

კონკრეტული პასუხები, რომელი უწყებაა პასუხისმგებელი უკანონოდ დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურის მუშაობის და მომხდარის გამო, მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა ვერც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს. რამდენჯერმე დასმული შეკითხვის მიუხედავად, ზურაბ პატარიძემ პასუხს თავი აარიდა.

 

ავტორი: თეა ვარშალომიძე.

დღის ამბები