10 მაისი 2024,   20:47
ვრცლად
პირდაპირ ნადირობაა გამოცხადებული მის მომხრეებზე - ოპოზიცია სააკაშვილის ექსტრადირებას აფასებს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინული მხარისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოთხოვნის უკვე მესამედ გადაგზავნას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იმ საქმეებში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ცვლილება არ არის და, შესაბამისად, მათი აზრით, ეს მოთხოვნაც, არაადეკვატურია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნაში პოლიტიკური დევნის მოტივებს ხედავს.

„რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დევნა. ასევე, უკანასკნელ პერიოდში პირდაპირ ნადირობაა გამოცხადებული მის მომხრეებზე, მის ოჯახის წევრებზე,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, აღნიშნავს, რომ ინტერპოლმა სააკაშვილის ძებნილად გამოცხადებაზე ოფიციალური უარი პოლიტიკური მოტივის გამო განაცხადა.

„ამ უარის შემდგომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, მე არ ვვარაუდობ, რომ რაიმე კარდინალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, პროკურატურის მიერ ექსტრადირების მოთხოვნის მესამედ გაგზავნას უწყების „სამართლებრივ სფეროდ“ მოიაზრებს და შეფასებისგან თავს იკავებს.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კონკრეტული პირის ექსტრადირების მესამედ მოთხოვნა ქვეყანას იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეში იქნება რაიმე არსებითად ახალი გარემოება.

დღის ამბები