09 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
რუსეთის ფედერაცია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას განარგძობს - გიორგი კვირიკაშვილი

რუსეთის ფედერაცია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას განარგძობს, რითაც არა ერთ საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. რუსეთს კი, საპასუხო ნაბიჯები ამ დრომდე არ გადაუდგამს.

"პრემიერმინისტრის განცხადებით, ე.წ. "ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების" ხელმოწერით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკა მოსკოვმა კიდევ უფრო გაააქტიურა. მიზანი კი, ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ანექსიაა.

"გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არა ერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.

"2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია.

"რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი, ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

"დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ.

"საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არა ერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს.

"ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ჩვენი მიზანია, ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ევროკავშირი თავის გლობალურ სტრატეგიაში აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც აყვავებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიას და თავის სამეზობლოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანს," - აღნუშნა გიორგი კვირიკაშვილმა.  


დღის ამბები