07 მაისი 2024,   22:05
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს საქმეზე კვალიფიკაცია - ლევან ვეფხვაძე ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ შემთხვევაზე

„მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოებას და პირველ რიგში, ოჯახს ჰქონდა, იყო ის, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ამას გასცემდა პასუხს ერთადერთი და უტყუარი მტკიცებულება -ე.წ. კადრები,“ - ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი, ლევან ვეფხვაძე, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებისას გარდაიცვალა.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მასალებს გაეცნენ, სადაც არ იყო დაკავების ამსახველი კადრები.

„კადრები, რომლებშიც აღწერილი იქნება დაკავების წინარე პერიოდი, რამ გამოიწვია, თუნდაც, პატრულის მხრიდან რეაქცია, რომ დაეკავებინათ პაატა პავლიაშვილი, არ არსებობს. არ არსებობს დაკავების ამსახველი კადრები და არ არსებობს, რა მოხდა სინამდვილეში,“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ პროკურატურას საქმის მასალაში არსებულ ბოლო კადრში ჩანს, როგორ ზის პავლიაშვილი ძირს.

„მე მიმაჩნია, რომ მინისტრის მოადგილის განცხადება აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდიოდა პროკურატურის განცხადებასთან,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისი თქმით, შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცუდად გახდომის კადრები არსებობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

ვეფხვაძის თქმით, ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად იყო საჭირო პავლიაშვილის დაკავება.  

ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

„მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს საქმეზე კვალიფიკაცია და სსსკ-ის 116-ე მუხლი, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება გაგრძელდეს 342-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივ გულგრილობას,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

დღის ამბები