26 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
პოლიტიკური დევნა და გაუარესებული დემოკრატიული პროცესები - ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ პროცესებს ევროსაბჭოს დელეგაციას აცნობს 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეხვედრები გრძელდება. ამ წუთებში მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში იმყოფებიან, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდებიან.

პარტიის ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არჩევნებზე და პოლიტიკურ დაპატიმრებებზე გაკეთდება.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იგეგმება საუბარი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე.

„ეს შეეხება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე არჩევნებს, ასევე პოლიტიკურ დევნას, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დაპატიმრებას. ასევე ვაპირებთ საუბარს იმაზე, რომ დღეს სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოსტზე დანიშნოს დამოუკიდებელი კანდიდატი. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს სრული წარმოდგენა ამ პრობლემების შესახებ. მათ შორის მასმედიაში შექმნილ ვითარებაზე, იმაზე რომ ჩვენი ქუჩებიდან იტაცებენ ჟურნალისტებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქვეყანაში დემოკრატიული ვითარების გაუარესებაზე ისაუბრეს ევროპელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლების ინტერესის საგანია დემოკრატიის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება და ის სამწუხარო უკუსვლა, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში. არჩევნების ირგვლივ რესურსების დისბალანსი, ახალი პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება გოგა ონიანის, რომელიც ასევე განხილული იყო ჩვენს შეხვედრაზე, საკონსტიტუციო რეფორმა, მომავალი გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსი ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც 28 ნოემბერს გამოცხადდება და ზოგადი ეროზია, რომელსაც ადგილი აქვს, მათ შორის ანტიდასავლური, ექსტრემისტული დაჯგუფებების გაძლიერებაც,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის ვიცე სპიკერს თამარ ჩუგოშვილს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, იუსტიციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სამოქალაქო სექტორთანაც გამართავს შეხვედრას.

ამავე თემაზე
დღის ამბები