17 დეკემბერი 2017,   04:15
ვრცლად
დაცხრილული სახლები და ჩამსხვრეული ფანჯრები - სპეცოპერაციისას დაზარალებულები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

თბილისში, დუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზარალებული მეზობლები ყველაზე მძიმე ღამეს იხსენებენ. განუწყვეტელი სროლა, აფეთქებები და ევაკუაცია შუაღამისას - 20-მდე ოჯახი მეორე დღეა ღამეს სასტუმროებში ათენებს. დამწვარი და დაზიანებული ბინების მეპატრონეები ამ დრომდე ვერ შედიან საკუთარ საცხოვრებელში.

ზვიად მაისურაძე დეტალურად იხსენებს, როგორ გაიყვანეს საკუთარი სახლიდან სპეცოპერაცის ღამეს 4 მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად. ის ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდა. მისი სახლის გარედან დათვალიერებით მხოლოდ იმის დანახავაა შესაძლებელი, რომ ის ნატყვიარია და ფანჯრები ჩამსხვრეულია. 

ზვიად მაისურაძის გარდა, დამნაშავეთა ჯგუფთან ყველაზე ახლოს ნათია ბაგაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 4 მცირეწლოვანთან და მეუღლესთან ერთად ღამის 4 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმმა სახლის დაუყონებლივ დატოვება მოსთხოვა. მისი ბინა სპეცრაზმელებისა და ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა.

ის უკვე 2 დღეა ოჯახთან ერთად სასტუმროში ცხოვრობს და სპეცოპერაციის დეტალების გახსენება მისთვის მძიმეა. იმის მიუხედავად, რომ დამნაშავეები რამდენიმე თვე მის მეზობლად ცხოვრობდნენ, ამბობს, რომ მათთან ურთიერთობა არ ჰქონია და არ იცის, რას საქმიანობდნენ.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსი ისედაც ავარიული იყო და არ არიან დარწმუნებული, რომ  გუშინდელი მოვლენების შემდეგ, იქ ცხოვრება უსაფრთხო იქნება.

20-მე ოჯახი მერიამ, გამგეობასთან ერთად დროებით, სხვადასხვა სასტუმროში განათავსა. დაზარალებულებთან დღეს იმყოფებოდა დედაქალაქის მერი. კახა კალაძემ მათი პრობლემები მოისმინა და ზარალის სრულ ანაზღაურებას დაჰპირდა.

ამ დრომდე სპეცოპერაციის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ბოლო ინფორმაციით, ზარალის დათვლა ხვალ დასრულდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შეძლებენ თუ არა ადგილობრივები ცხოვრების იქ გაგრძელებას, თუ მათ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები