08 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
„თქვენი კითხვიდან იკვეთება შეთქმულების თეორია" - "ქართული ოცნების" ლიდერები გუნდში დაპირისპირებას უარყოფენ

„თქვენი კითხვიდან იკვეთება შეთქმულების თეორია, რომელთანაც ამ გადაწყვეტილებას დამერწმუნეთ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სამად დაყოფასთან დაკავშირებით გააკეთა. მდინარაძე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი მართვის გასაუმჯობესებლად გადაიდგა და მმართველ გუნდში დაპირისპირება არ არის.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ სამად იყოფა. საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული სხვადასხვა დაჯგუფება საკუთარ ფრაქციებს შექმნის და „ქართულ ოცნებას“ გამოეყოფა.

„მე, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავით ამ გადაწყვეტილების ინიციატორები და ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი მე გახლდით სწორედ ამისა. იმიტომ, რომ მენეჯმენტის კუთხით გაცილებით ადვილია შედარებით მცირე რაოდენობის ფრაქციის მართვა, მენეჯმენტის წარმოება აქ უკეთესად შესაძლებელია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ფრაქციის გაყოფის განმაპირობებელ მიზეზად გუნდში არსებულ დაპირისპირებას უარყოფს.

„ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ამხელა 126-კაციანი უმრავლესობა არის წარმოდგენილი. შესაბამისად, პროცესი არის ბუნებრივი და ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა არ იქნება სწორი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ”ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ფრაქციის შექმნის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ახალი ფრაქციის საბიუჯეტო უზრუნველყოფა მოხდება.

გადაჯგუფება მმართველ გუნდში დროში ემთხვევა ხმაურიან დაპირისპირებას გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს შორის.

ერთ-ერთ ფრაქციას სწორედ გია გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს, მეორეს კი კარტელურ გარიგებებში დადანაშაულებული ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი, გოჩა ენუქიძე.

მმართველ გუნდში არ ადასტურებენ, რომ ცვლილებები კორუფციულ სკანდალს უკავშირდება და ფრაქცია "ქართული ოცნების" დაშლას მენეჯმენტის პრობლემებით ხსნიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები