28 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
"ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის" - ნინო ჯავახაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო პატრიარქის ეპისტოლეს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზეა საუბარი. მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცავდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის.

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომელიც დადგა მარიხუანასთან მიმართებაში და ამ მხრივ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

„ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა, არ დაჭერის საკითხი. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა, როგორც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში, უნდა ეფუძნებოდეს აუცილებელ ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული. სხვა მხრივ ჩვენ მივესალმებით რა თქმა უნდა, ეფექტიან ნარკოპოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ასევე, გასათვალისწინებელია ახალი რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს მარიხუანას მხრივ. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა ახალი რეალობა, რასაც ჰქვია დეკრიმინალიზაცია მარიხუანას თვალსაზრისით. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საკანონმდებლო მოწესრიგება გასატარებელი, რათა პრაქტიკაში და კანონმდებლობაში აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

პატრიარქის ეპისტოლეში ნათქვამია, რომ აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებაში.

"ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები... მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას," - წერს ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები