08 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
ოპოზიციაში კომპანია RMG-ის მიერ ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობენ

კომპანია RMG ეკოლოგიის, ადგილობრივების ჯანმრთელობისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ბიუჯეტსაც აზარალებს - ოპოზიციაში ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობენ.

2015 წლისთვის კომპანიას 16 მლნ. ლარი უნდა გადაეხადა. თუმცა, მთავრობას კიდევ ერთხელ სთხოვა, 2021 წლამდე გადაეწია ანგარიშის წარმოდგენის ვადაც და შესაბამისად, ამ 16 მლნ-ის გადახდაც.

უკვე 2017 წლის ოქტომბრისთვის სამართლებრივი აქტის ფორმულირება შეიცვალა და სიტყვა ერთჯერადი იქიდან საერთოდ გაქრა. საყდრისის კომიტეტში ფიქრობენ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და არც ის სჯერათ, რომ კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსები.

გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას წიაღისეულის სააგენტოს უფროსმა ხელი 14 მარტს მოაწერა. 20 მარტს გამართულ აუქციონზე კი სამთო ჯგუფთან დაკავშირებული RMG მზად იყო 16 ჰექტარი ტყის იჯარაში 10 წლის განმავლობაში 50 მლნ. ლარამდე გადაეხადა.

ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ კავკასიის სამთო ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობა. ასევე, წერია, რომ "ჯორჯიან მაინინგთან" დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

"ჯორჯიან მაინინგ კორპორეიშენმა" 15 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა საჯარო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მიაღწია შეთანხმებას პარტნიორებთან და რომ ის იწყებს საქართველოში, 87 ათას ჰექტარზე აქტიურ სამუშაოებს. თუმცა, ბიუჯეტში შესატან 43 მლნ. ლარზე კომპანიაც და სახელმწიფოც, ჯერჯერობით დუმს.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ დღევანდელი მდგომარეობით, 60 მლნ ლარი იზარალა.

ოპოზიციაში ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის დასტურად 20 მარტს გამართული აუქციონის შედეგები მოჰყავთ, საიდანაც გაირკვა რომ მიწაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 15 000 ლარად შეაფასა, RMG მზად იყო მილონები გადაეხადა.

ყველა ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ჩვენ RMG-სგანაც შევეცადეთ, საიდანაც განგვიმარტეს, რომ მზად არიან ყველა თემაზე საჯაროდ სასაუბროდ, გარდა ამ კონკრეტული საკითხისა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები