02 მაისი 2024,   10:32
ვრცლად
სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება - მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება - საპარლამენტო უმრავლესობა სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სირიის რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო არ არის და სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ ამ ქმედებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. მმართველი გუნდის წევრების თქმით, სწორედ რუსეთი აძლევს მითითებებს ასადის რეჟიმს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ რუსეთი და სირია მოკავშირეები არიან და სირიას რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა.

„რუსეთი და სირია არიან მოკავშირეები და რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და ეს გადაწყვეტილება მიიღო აქედან გამომდინარე,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სირიის რეჟიმის ქმედებას ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს არარსებობით ხსნის. ბესელიას თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყანა მსგავს მიდგომას ემიჯნება.

„იქ, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა და დემოკრატიული მმართველობა, იქ შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი მიდგომა, რომელიც არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს, არღვევს სუვერენიტეტს და არღვევს საერთაშორისო სამართლის დოგმატურ მიდგომებს, ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი ყველა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყანა, ყველა დემოკრატიული სახელმწიფოც ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ასეთ მიდგომას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები