02 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება - მმართველი გუნდის წევრები უწყების ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა მთავრობაში მის ყოფნას მიესალმებიან

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება - „კურიერის“ ინფორმაციით, წულუკიანის მინისტრთა კაბინეტში დატოვების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ის მთავრობის განახლებულ შემადგენლობაშიც იქნება.

შვებულებიდან დაბრუნებული იუსტიციის მინისტრი დღეს კამერების წინაშე პირველად გამოჩნდება.

მმართველი გუნდის წევრები აღიარებენ, რომ თეა წულუკიანის უწყებას ხარვეზები აქვს, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის, რომ ის დარჩეს გაერთიანებული უწყებების, სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების, ხელმძღვანელად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, თეა წყულუკიანმა დაწყებული საქმეები ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა შეძლო ბევრი სიახლის შემოტანა.

„თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი აქტიური მინისტრი, ის არის ჩვენი გუნდის წევრი. თეა წულუკიანმა შეძლო ძალიან ბევრი სიახლის შემოტანა. თუმცა, იყო გარკვეული ხარვეზები, მე ვფიქრობ, რომ გუნდი ამას შეაფასებს, პრემიერი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვფიქრობ, აქ ზედმეტი ჩარევა გარედან არ იქნება,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიას თქმით, უწყებაში არსებული ხარვეზები მხოლოდ თეა წულუკიანის ბრალი არ არის.

„ძალიან ბევრი რეფორმა უკავშირდება ამ ადამიანს, ძალიან ბევრი წარმატებული ნაბიჯი და თუ ის მიუღწეველი შედეგები, რომელიც დღეს ყველასთვის ხელშესახებია, რამდენად არის მხოლოდ ამ ქალბატონის მიზეზით, ჩემი აზრით, ეს არ არის ასე ცალსახად გამოკვეთილი, ამიტომ, პრემიერ-მინისტრს დავუტოვოთ ჩვენ ასევე, ამ ნაწილშიც ამ გადაწყვეტილების უფლება,“ - განაცხადა კაკულიამ.

რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, მათ წარსადგენად პრემიერს დრო კვირის ბოლომდე რჩება.

დღის ამბები