მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა.
„მმართველი ელიტა ყველანაირად ცდილობს, ჩამოაცილოს ხალხი მასობრივად საარჩევნო პროცესს. ამისთვის არჩევნებს ნიშნავენ, როგორც წესი, ოქტომბრის შუალედში, შაბათ-კვირას, როდესაც ხალხი გასულია მინდორ-ველებში, ლუკმა-პურის შესაგროვებლად, ახალი დაწყებულია სწავლის პროცესი სკოლებში, ინსტიტუტებში და ოპოზიციაც ვერ ასწრებს თავისი მწირი რესურსებით შესაბამის ორგანიზებას, სამაგიეროდ ყველაფერს ასწრებს სახელმწიფო გამყალბებელთა ბანდა, რომლებიც აკეთებენ უბნების უზურპაციას, მიჰყავთ 15-ლარიანები და სდებენ შესაბამის შედეგებს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა ასევე, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს მიმართა.
„მე ვაფრთხილებ ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ან საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოთხშაბათს ან ხალხი და მსოფლიო თანამეგობრობა ჩათვლის, რომ თქვენ უკვე იწყებთ არჩევნების გლობალურ, ტოტალურ გაყალბებას, რასაც უკვე არავინ გაპატიებთ,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.