დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ ვითარებაში -ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გურჯაანში მიმდინარე მოვლენებს. მამუკა ბახტაძის თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პროტესტი.
მისივე თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა ალტერნატიული გზა, თუმცა მათ ის არ გამოიყენეს. პრემიერის განმარტებით, ვერავინ შეძლებს რომ ქვეყანაში შემოიტანოს დისონანსი.
„პოლიციამ შესთავაზა ყველას, რომ ესარგებლათ ალტერნატიული გზით მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია. როდესაც ადამიანი გაიმარჯვებს და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, დღეს არის ისტორიული დღე, რადგან ქვეყანა გადადის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად საპარლამენტო მმართველობაზე.
„ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. საპარლამენტო დემოკრატიაზე რომელიც არის კიდევ ერთხელ გადადგმული ძალიან პრინციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ჩვენს გზაზე რასაც ჰქვია ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. კიდევ ერთხელ მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.