01 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
ორ ბანაკად გაყოფილი მმართველი გუნდი -"ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებას შესაძლოა, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა მოჰყვეს 

საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. არ არის გამორიცხული უთანხმოება, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვით დასრულდეს. ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა.

ნაწილი აცხადებს, რომ ბესელიამ ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით მიიღო, მეორე ნაწილის ინფორმაციით კი, მიზეზი არა მოსამართლეებს, არამედ  გუნდის შიგნით არსებულ სხვა პრობლემებს უკავშირდება.

„მე უბრალოდ აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ხდება ისე წარმოჩენა სიტუაციის, თითქოს ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლა უკავშირდება მოსამართლეების საკითხს. არ უკავშირდება რეალურად მოსამართლეების საკითხს. მიზეზი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სულ სხვა არის და ამაზე არაერთხელ ყოფილა მსჯელობა და ალბათ დადგება ამის დროც, როდესაც ამ თემებზე საზოგადოებას უნდა ეცნობოს,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

დეპუტატები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუმცა მოსალოდნელია რომ დაპირისპირება გაგრძელდება, რადგან უახლოეს დღეებში ეკა ბესელიას თანამოაზრეები და მოწინააღმდეგეებიც ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას აანონსებენ.

„საახალწლო სუფრაზე არ იქნება ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და ადამიანების ცხოვრებაში ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არ იქნება პირველი იანვრიდან, ეს არის იურიდიული კომიტეტის და მათ შორის ეკა ბესელიას.

რებუსებით გესაუბრათ (ირაკლი კობახიძე) ამიტომ თვითონ გასცეს პასუხი. მე გეუბნებით რეალობას, რეგლამენტით როგორ ხდებოდა. იურიდიული კომიტეტი არ აპირებდა ამ საკითხის განხილვას, შესაბამისად ეს საკითხი სესიაზე ვერ და არ გავიდოდა,“-აცხადებს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

ცვლილებებზე საუბრობს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია. კითხვაზე - შესაძლოა თუ არა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს ქანთარია ამბობს, რომ „არც ეს არ არის ტრაგედია და რაც ლოგიკურია ის უნდა განვითარდეს“.

ამავე თემაზე
დღის ამბები