02 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
ილიაუნიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლების გამო, უნივერსიტეტის რექტორს მკაცრად აკრიტიკებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი საკადრო ცვლილება მძაფრი კრიტიკის საფუძველი გახდა - რექტორის გადაწყვეტილებით, გიორგი ქადაგიძე ბიზნეს სკოლის დეკანის თანამდებობას ტოვებს.

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ერთ კვირით საზღვარგარეთ წასულმა ქადაგიძემ ელექტრონული ფოსტით შეიტყო, რომ დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილებას გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან სიახლისა და ცვლილებების შიშით ახსნა.

გიორგი ქადაგიძე ილიაუნის აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილსაც აქვეყნებს, სადაც უნივერსიტეტის კრიზისულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს და პრობლემებს აანალიზებს.

ილიაუნის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არ უკვირთ იმ ლექტორებს, რომლებიც სწორედ გიგა ზედანიას რექტორობის პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან. ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაცია უნივერსიტეტს პირადი შეხედულებების შესაბამისად ერთპიროვნულად მართავს და განსხვავებულ აზრს არ იღებს.

გიგა ზედანია კი საკადრო ცვლილებებს რეორგანიზაციით ხსნის. ის ამბობს, რომ უნივერსიტეტში ადგილი აქვს პროგრამების გადაჯგუფებას, რის შედეგადაც ბიზნესის სკოლა გახდა ახალი - მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ნაწილი, რომლის დეკანსაც კონკურსით შეარჩევენ.

ლექტორების გათავისუფლებას გამო, ორი წლის წინ, გიგა ზედანიას სტუდენტებისთვისაც მოუწია პასუხის გაცემა. ბიზნეს სკოლის სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს, თუმცა უშედეგოდ.

რამდენიმე თვის წინ კი უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები ახალგაზრდებმა პერფორმანსით გააპროტესტეს. მათ უნივერსიტეტში კუბო მიიტანეს და სასწავლო პროცესი დაიტირეს.

დღის ამბები