19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ჯარიდან პროტესტით წასული მფრინავი პარლამენტის სხდომაზე არ შეუშვეს

პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრი ლევან იზორია მოხსენებით გამოდის, თავდაცვის სამინისტროდან პროტესტის ნიშნად წასული მფრინავი ქალი არ შეუშვეს.

ეკატერინე ქვლივიძე სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა.

ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქველიძის დარბაზში დაშვების შესახებ   „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.

„ვთქვი,რომ ვარ გარანტიის გამცემი, როგორც პარლამენტის დეპუტატი. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხია, რომ რისკებს არ გამორიცხავენ და შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ აიღებს თავის თავზე რომ ეს ადამიანი შეუშვან. არასწორია, ცინიკურია, იმისც კი გეშინოდეს, რომ დაესწროს, მიკროფონიც არ არსებობს აქ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე ხელმძღვანელობას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი ქალი, რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ამბობს, რომ სექსიზმის მსხვერპლი გახდა.

მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი უთხრეს ფრენაზე, მისიებსა და სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს ის, რომ ქალი იყო. ეკატერინე ქვლივიძე ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი მფრინავი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.

თუმცა უწყებიდან წამოსვლის 5 თვის შემდეგ შეიტყო, რომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვენ. მფრინავი უწყებიდან წამოსვლის მიზეზებზეც ღიად ალაპარაკდა და საქალაქო სასამართლოს შესაბამისი საჩივრით მიმართა.

დღის ამბები