თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისგან განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ არ მისცა მან საშუალება ჯარიდან წასულ მფრინავ ქალს დასწრებოდა ლევან იზორიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. ენმ-ს წევრმა განცხადება სესიაზე გააკეთა, თუმცა ირაკლი კობახიძის ნაცვლად სხდომას ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უძღვება. თინა ბოკუჩავამ წუხილი გამოთქვა, რომ სხდომა თავად ირაკლი კობახიძეს არ მიჰყავს. მან აღნიშნა, რომ სწორედ კობახიძის პირადი გადაწყვეტილებით არ მისცეს უფლება ეკატერინე ქვლივიძეს სესიას დასწრებოდა.
„ბატონო გიორგი მე ვისურვებდი, რომ ბატონი კობახიძე მჯდარიყო ახლა თქვენს ადგილას იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილებით ჯარიდან პროტესტით წასული ქალი მფრინავი დღეს ვერ ესწრება აღნიშნულ სხდომას. ეს არის ირაკლი კობახიძის პირადი გადაწყვეტილება. მინდა გითხრათ, რომ მეც მომმართეს სტუდენტებმა სურვილი, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას, მაგრამ ისინიც ვერ ესწრებიან ამ სხდომას ირაკლი კობახიძის პირადი გადაწყვეტილებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არ ემსახურება პარლამენტის ღიაობის და გამჭირვალობის სტანდარტს. ასევე მინდა მივმართო მუდმივმოქმედ ღია მმართველების საბჭოს და ქალბატონ ირინა ფრუიძეს, რომ ამ საკითხზე დააფიქსიროს თავისი მოსაზრება,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ენმ-ს წევრს გია ვოლსკიმ უპასუხა. მისი განცხადებით ირაკლი კობახიძე დაბრუნდება სასესიო დარბაზში და მოთხოვნის დაყენება მფრინავი ქალის დარბაზში შეშვებასთან დაკავშირებით შესაძლებელია, რომ თავიდან დადგეს.
„თქვენი სურვილი მესმის, რომ გინდათ ირაკლი ყოფილიყო აქ მაგრამ სამწუხაროდ მე ვარ. მაგრამ გადაწყვეტილებას მე პრინციპში ვერ შევცვლი მაგრა ირაკლი მალე შემოგვიერთდება და ეგ საკითხი შეიძლება კიდევ დაისვას. მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ რა საკვირველია იმ საკითხზეც უნდა დაისვას შეკითხვები, რომლესაც თქვენ გულისხმობთ და რა საკვირველია ამ შეკითხვებსაც და პასუხებსაც ის ადამიანი კარგად გაიგებს და კომენტარებსაც კარგად გააკეთებს,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქვლივიძის დარბაზში დაშვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე ხელმძღვანელობას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი ქალი, რომელსაც 11-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ამბობს, რომ სექსიზმის მსხვერპლი გახდა.
მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი უთხრეს ფრენაზე, მისიებსა და სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს ის, რომ ქალი იყო. ეკატერინე ქვლივიძე ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი მფრინავი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.
თუმცა უწყებიდან წამოსვლის 5 თვის შემდეგ შეიტყო, რომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვენ. მფრინავი უწყებიდან წამოსვლის მიზეზებზეც ღიად ალაპარაკდა და საქალაქო სასამართლოს შესაბამისი საჩივრით მიმართა.