თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მფრინავს, ეკა ქვლივიძეს შორის შეთახმება შედგა. უწყება სასამართლოდან სარჩელს გამოიტანს და მფრინავი 28 ათასი ლარით აღარ დაჯარიმდება.
ამ გადაწყვეტილებით დასრულდა მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ორსაათიანი შეხვედრა.
ეკა ქვლივიძის თქმით, ის შეინარჩუნებს თავის კვალიფიკაციას და გააგრძელებს საავიაციო უნივერსიტეტში, მფრინავ-ინსტრუქტორად მუშაობას.
მისივე განმარტებით, როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახორცილებს ფრენებს, როგორც სამხედრო მფრინავი.
„ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული და თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ სარჩელს გამოიხმობს და პარალელურ რეჟიმში, მე სამოქალაქო ცხოვრებაში ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით, მექნება იმის საშუალება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, სამოქალაქო განხრით ვიფრინო, ჩემი კვალიფიკაცია შევინარჩუნო. პარალელურად, მე მზაობა გამოვხატე, რომ იგივე გორში, სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეულმა სპეციალისტმა ლექციები ჩავატარო და მომავალ თაობას ვასწავლო და როგორც კი საშუალება იქნება, შემდგომში იმის, რომ მე როგორც მფრინავი, პრაქტიკული ფრენების განხორციელების საშუალება როგორც კი მექნება, თავდაცვის სამინისტროში და აღვდგები როგორც სპეციალისტი სამხედრო კადრი,“ - განაცხადა ქვლივიძემ.
მფრინავი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. უწყება კი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვდა.