17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
სამხედრო მფრინავი სექსიზმის მსხვერპლი გახდა - ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე ხელმძღვანელობას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი ქალი, რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ამბობს, რომ სექსიზმის მსხვერპლი გახდა.

მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი უთხრეს ფრენაზე, მისიებსა და სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს ის, რომ ქალი იყო. ეკატერინე ქვლივიძე ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი მფრინავი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.

იმედგაცრუების შემდეგ თავდაცვის უწყებიდან წასვლის გადაწყვეტილება მფრინავმა ქალმა თავად მიიღო. მაშინ მას ხელმძღვანელობამ პირობა მისცა, რომ კონტრაქტის დარღვევისთვის არ დაჯარიმდებოდა, სანაცვლოდ ეკატერინე ქვლივიძემ სამინისტრო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებში საჯაროდ არ ამხილა.

თუმცა უწყებიდან წამოსვლის 5 თვის შემდეგ შეიტყო, რომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვენ. ახლა უკვე მფრინავი უწყებიდან წამოსვლის მიზეზებზეც ღიად ალაპარაკდა და საქალაქო სასამართლოს შესაბამისი საჩივრით მიმართა.

სამხედრო მფრინავის ბრალდებებს თავდაცვის მინისტრმა უპასუხა. ლევან იზორია მის უწყებაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას არ ადასტურებს. თავდაცვის მინისტრს არ უსაუბრია, რატომ არ ჰქონდა საქართველოში ფრენის საშუალება ეკატერინე ქვლივიძეს. იზორიამ არ უარყო, რომ ქვლივიძის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე დიდი თანხა დაიხარჯა. მხოლოდ 50 ათას დოლარამდე მფრინავის ამერიკაში სწავლა და პრაქტიკა დაჯდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები