ავლაბრის ცერემონიების სასახლეში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით დაიწყო. შემდეგ კი მან ჩამოთვალა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპული საქართველოს მოქალაქეები. ჩამონათვალისას კი პრეზიდენტს 9 აპრილის ღამეს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი გამორჩა.
შემდეგ მან მიმართა უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებს და პირველი პრეზიდენტის მეუღლეს, თუმცა, როგორც გაირკვა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია დარბაზში არ იმყოფებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ადმინისტრაციას შეუთვალა, რომ სასახლეში მისვლას ვერ შეძლებდა.
"სიმბოლურია, რომ აქ ბრძანდება ან აქ უნდა ყოფილიყო პირველი პრეზიდენტის მეუღლე და შემოგვითვალა, რომ ვერ მოვიდოდა და მე მგონი, რომ უნდა ვახსენო აქა. ეს ადამიანები ყველანი საქართველოს ამ გამარჯვების მონაწილეები არიან. სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ აქ, ამ სასახლეში საქართველოს სახელმწიფოს მთელი ხელისუფლება შეიკრიბა და გამოხატავს პატივისცემას თქვენს წინაშე. ამით დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იდგმება ქვეყნისა და საზოგადოების შერიგებისა და გამთლიანების მიმართულებით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.