თბილისის მერმა მეტროს ვაგონების და მეტროსადგურების რეაბილიტაცია დააანონსა. კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი ვაგონების შესაყვანად 20 მილიონი, მთლიანდ რეაბილიტაციის პროექტზე კი - 100 მილიონი დაიხარჯება.
“დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს, 20 მილიონი არის ამისთვის გამოყოფილი მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე, 4 ახალი შემადგენლობა გვეყოლება განახლებული, რეაბილიტირებული, რომელიც უახლოეს მომავალში დაემატება. მეტროს წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა და ზუსტად წლების განმავლობაში სანამ თანხები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა ყოფილიყო მოგვარებული. 2018-2019 წელს 100 მილიონი დაიხარჯება მეტროში. ეს არის როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ასევე სიგნალიზაცია, ვინტილაციის პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოების მოთხოვნასა და დაკვეთაზე ისაუბრა. მერის თქმით, მოსახლეობას მისი გუნდის დიდი იმედი აქვს და შესაბამისად, უფრო მეტს ითხოვენ მათგან.
„საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ჩვენს მიმართ, პირადად ჩემ მიმართ. უფრო მეტი აქვთ იმედიც და შესაბამისად, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ არავის. მე მახსოვს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე, ესე იგი, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვა ხდებოდა და ეს, რა თქმა უნდა, „თელასის“ პრობლემა იყო, ამბობდა, რომ „ აბა, კალაძე, სად არის ელექტრო ენერგია? გამოუშვი!“ ამით იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა გაგიკვირდეთ ეს დამოკიდებულება, თან მე ახლა პოლიტიკური ფიგურა ვარ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ და სხვათა შორის, ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი და რა თქმა უნდა, მოთხოვნაც უფრო მეტია, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული,“- განაცხადა კალაძემ.