საკრებულოს ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შაქარაშვილი-ჯიშკარიანის შემდეგ უმრავლესობა სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. მათი შეფასებით. კარგია, რომ “ქართული ოცნების” აქტიურმა წევრებმაც რეალურად დაინახეს ქვეყანაში არსებული უპერსპექტივობა და დაიწყეს ამაზე ღიად საუბარი.
ოპოზიციის აზრით, უმრავლესობის დაშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყო.
ისინი მოუწოდებენ სხვა დეპუტატებსაც, გაემიჯნონ “ქართულ ოცნებას.” ისინი შაქარაშვილი-ჯიშკარიანის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ, არ უკავშირებენ სასამართლო სისტემას.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს არის მათი არჩევანი, თავი გადაირჩინონ და დარჩნენ პოლიტიკაში.
“ქართული ოცნების გენერალურ მდივანს და კახი კალაძე, ფაქტობრივად უმრავლესობა ეშლება დედაქალაქის საკრებულოში და ესეც შემდგარი ფაქტია. ყველაზე აქტიური სახეები, "ქართული ოცნების" ქომაგები ვინც იყვნენ, ვგულისხმობ ჯაბა ჯიშკარიანს და ვატო შაქარაშვილს, გვახსოვს, რომ ეს ხალხი წინასაარჩევნოდ და მას შემდეგ იყვნენ კახი კალაძის პირადი სპიკერები. ახლა ვხედავთ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან გენერალური მდივნის პოზიციით "ქართულ ოცნებაში" და პლუს ამას, დედაქალაქის მერის მუშაობითაც.... მე მგონია რომ იწყება შეუქცევადი პროცესი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
„ქართლი ოცნებიდან“ დეპუტატების მოსალოდნელ გასვლაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარეც. გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ მმართველ ძალას საზოგადოებამ ზურგი აქცია.
„ყველა ხედავს, რომ ივანიშვილის და ქართული ოცნების გემი იძირება. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ამ წუთში არის მმართველი, მაგრამ საზოგადოებამ მას შეაქცია ზურგი და ეს კარად ჩანს. ნელ-ნელა ეს გადაედება პოლიტიკურ ელიტებსაც, რა თქმა უნდა და პირველ რიგში თვითონ მმართველ პარტიას, რომლის დაშლის პროცესი გაგრძელდება შემდეგი ერთი წელი,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.