19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს

ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. 

ჯიშკარიანი და შაქარიშვილი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზად, მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე "ქართულ ოცნებასთან" არსებულ უთანხმოებას და აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.  

როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება.

ვატო შაქარაშვილის განცხადებით ის პოლიტიკურ მოღვაწეობას, დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა "დაიცავი საქართველოსთან" ერთად გააგრძელებს. 

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიუღებელია მურუსიძე, ჩინჩალაძე, ზარდიაშვილს სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჩვენთვის მიუღებელია პრინციპული და ღირებული ადამიანების მრავალწლიანი უთანასწორო ბრძოლის შედეგად გამოცხადება. მათი დაკნინების და ნაცებად სახელდების მცდელობა. ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების უხეში „გაპრავება.“ ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდიალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც  სულ ახლახანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ, მე ვტოვებ "ქართული ოცნების" უმრავლესობას და 13 აპრილს 14:00 საათზე ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებას,“-განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

"ქართულ ოცნებასთან" და პარტიის ლიდერთან პრეტენზიები აქვს ჯაბა ჯიშკარიანსაც. მისი თქმით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სანდრო გირგვლიანის და 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების თემებით მოვიდა. დღეს კი ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციებზე იდგა, პარტიის ლიდერი "ნაციონალს" ეძახის.

„მე მინდა გავიხსენო 26 მაისი, 7 ნოემბერი, რითიც ეს ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში. სწორედ ეს კადრები იყო, სწორედ სანდრო გირგვლიანის თემით, 7 ნოემბრის თემით მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ფონი შევუქმენით თითოეულმა ჩვენთაგანმა. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს. მიმდინარეობს, რომ თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან. გუნდში ყოველთვის იყო შიგნით კომპლექსი ადამიანებს ჰქონდათ რომ ისინი არ არსებობდნენ 2012 წლამდე. ისინი იშვნენ 2012-ში, 2014 -ში მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და მათი ისტორია სწორედ აქედან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით მაგრამ მათ არასდროს არ ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე. ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, ჩემთვის არის ამომავალი ეს თემა რა თქმა უნდა და მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასე სვავს პარტიის თავმჯდომარე საკითხს, რომ ლევან მურუსიძე არის გმირი, დანარჩენი ყველა ვინც სანდრო  გირგვლიანის უფლებებს იცავდნენ, ირინა ენუქიძის უფლებებს იცავდნენ,  ვინც 7 ნოემბრის სადარაჯოზე იდგა, ყველა ეს ადამიანი არის "ნაცების" წისქვილზე წყლის დამსხმელი, ჩემთვის ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი,“-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები