"ტრადიციებზე ასეთი უხეში შეხება, რომელსაც თქვენი ტელევიზია უშვებს, არის დანაშაულებრივი," - ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ, რუსთავი2-ის მისამართით გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ დაუმალავთ, რომ ხუნდაძემ რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, უპასუხა.
ვოლსკის თქმით, დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია პარტიას არ ეკუთვნის, არამედ მან საზოგადოების მოსაზრება გააჟღერა.
„დიმიტრი ხუნდაძეს პარტიის პოზიცია არ გამოუხატავს, არც პოლიტიკური გუნდის პოზიცია არ გამოუხატავს. დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოების პოზიცია გამოხატა, რომელიც გარკვეულ ტრადიციებზეა გაზრდილი და ამ ტრადიციებზე ასეთი უხეში შეხება, რომელსაც თქვენი ტელევიზია უშვებს, არის არა მარტო არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, არის დანაშაულებრივი. ამ დანაშაულს ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოში თქვა, ბოლო დღეებში საზოგადოებას აღელვებს სიძულვილის ენის ტირაჟირება. ხუნდაძის შეფასებით, საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა გეგმის ნაწილია, რაც იმ ადამიანების ინტერესში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას.