„კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე და ვიყოთ ყველა ფრთხილად, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს,“ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს სიძულვილის ენაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ბოლო დღეებში საზოგადოებას აღელვებს სიძულვილის ენის ტირაჟირება. ხუნდაძის შეფასებით, საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა გეგმის ნაწილია, რაც იმ ადამიანების ინტერესში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას.
„ალბათ ყველასთვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა, რაც ჭარბობს სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 30-წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც თავისი მიზანი აქვს და ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც სიძულვილის ენაა, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად იოლია. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა არაპროფესიონალიზმის ნიშანია, როცა არ გვაქვს არგუმენტები, ვიყენებთ სწორედ სიძულვილის ენას, ლანძღვას, გინებას და ვეხებით პირად ღირსებას. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგადგება ენაზე, ყველაფერი თქვა. ასევე, თავისუფლება არ არის თავნებობა, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს. თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია,“ - განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.