"ტერაქტის მუქარა ტელეკომპანიის დირექტორის მიმართ" - ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას.
შალვა ნათელაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთვლილი მუქარაა.
„მოგეხსენებათ, ივანიშვილი 90-იანი წლების სისხლიანი ბიზნესიდან აღმოცენდა და, როგორც ჩანს, ისევ იქ დარჩა. მისი პირადი ექიმის ეს განცხადება პირდაპირ ივანიშვილის შემონათვალი ტერაქტის მუქარაა ტელეკომპანიის დირექტორის მიმართ. ცუდად დაამთავრებთ, ცუდად!“ - წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, ბოლო დღეებში საზოგადოებას აღელვებს სიძულვილის ენის ტირაჟირება. ხუნდაძის შეფასებით, საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა გეგმის ნაწილია, რაც იმ ადამიანების ინტერესში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას.