19 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
რიტორიკა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს შეიცავდა - ენმ ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება

"მისი რიტორიკა უკვე შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს," - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა მედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას.

ოპოზიციურმა პარტიამ Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთავი2-სა და მის გენერალურ დირექტორზე თავდასხმის ახალი ტალღა განხორციელდა.

ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ძალადობის წახალისება დაუშვებელი და მიუღებელია.

„ივანიშვილის და მისი მართული ჯგუფის მიერ თავისუფალ მედიაზე შეტევა არახალია. თუმცა, ბოლო პერიოდში საზოგადოება რუსთავი2-ზე და მის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ახალი ტალღის მოწმე გახდა. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და მათთან დაახლოებული ადამიანების გამონათქვამებში სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა მუქარის ტონალობა. საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ხუნდაძის, გამოსვლა ამის ნათელი დადასტურებაა. უფრო მეტიც, მისი რიტორიკა უკვე შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს. ადამიანებს შეიძლება, ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტული ადამიანების გამონათქვამებსა და მიდგომებზე, მაგრამ ძალადობის წახალისება დაუშვებელი და მიუღებელია.

"მით უფრო ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენასა და ნეგატიურ კამპანიაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ მაშინ, როდესაც დაარსებიდან ამ პარტიის მთავარი და ერთადერთი სამოქმედო ხაზი არის განსახვავებული აზრის მქონე ადამიანების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების შეურაცხყოფა, მათ მიმართ სიძულვილის ენით საუბარი და ფეიკ-ნიუსების გავრცელება, რევანში და საზოგადოებაში დაპირისპირების დათესვა.

"შევახსენებთ ხელისუფლებას, ადამიანის თავისუფლებაში უხეში ჩარევა და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის და შუღლის გაღვივების პირდაპირი ნაბიჯია, რაზეც პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და რაშიც ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს,“ - წერს პარტია სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე
დღის ამბები